ერთხელ ილიას უთხრეს: თქვენ მუდამ აქებთ აკაკის, ის კი მუდამ გაძაგებთ და რა ხდება, გაგვარკვიეთო. ილიამ მშვიდად უპასუხა:
–“ალბათ, ორივენი ვცდებით…”
თავის დროზე ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს – ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:
– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?
– კი, ჰგავხარ. – დაუდასტურა გალაკტიონმა.
– რით ვგავარ?
– სიმაღლით.
– კიდევ?
– სიგანით, წვერ-ულვაშით.
– ახლა ის მითხარით, – მაინც რა მაკლია ილიამდე?
გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:
– ტყვია შუბლში.
კინოსტუდიაში უცხოელი სტუმრები არიან ჩამოსული. რეზო ჩხეიძე “დონ კიხოტს” იღებს. ერთ-ერთ უცხოელ რეჟისორს შეუთავაზებია, ერთობლივად ხომ არ გადაგვეღო “ვეფხისტყაოსანიო”: თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეფბერნი, ნესტან-დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – ლოურენს ოლივიე, ავთანდილს – პიტერ ოტული და ასე ჩასულა ფატმანამდე…
ვიღაცას უკმაყოფილება გამოუთქვამს:
– რაღა ერთობლივი ფილმია, თუ მხოლოდ უცხოელები ითამაშებენ. ჩვენ, ქართველებმა, ვინღა ვითამაშოთო?!
– როგორ თუ ვინ? ამდენ ქაჯებს თამაში არ უნდა? – ჩაერთო საუბარში ნოდარ დუმბაძე.