ბებიაზე შეყვარებული გურული ბიჭის ამბავი, რომელიც სამაგალითოა

ნინო ბერიძე
ავტორი
4 წუთიანი წაკითხვა

Facebook-ზე არსებობს გვერდი Giviko Didia Official, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გურულ ბებიასთან დაკავშირებულ ისტორიებს წერს და ყოველდღიურად აქვეყნებს ფოტოებსა თუ ვიდეოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში მალევე ხდება პოპულარული. გიზიარებთ რამდენიმე ისტორიასა და ფოტოს, რომლებიც ბევრი სითბოთი და პოზიტივით აგავსებთ.

გურული ბებია შვილიშვილთან ერთად — სიყვარულის უბრალო და ნამდვილი სურათი
გურული ბებია შვილიშვილთან ერთად — სიყვარულის უბრალო და ნამდვილი სურათი — ფოტო: Helena Lopes / Pexels (Pexels License)

ბებია, რომლის აღწერაც სიტყვებს სცილდება

“ბებია ვის არ ჰყოლიაო” გაიფიქრებთ, მაგრამ იცით, როგორი მყავს? ერთი სიტყვით კი არა, მრავალი სიტყვითაც ვერ აღწერ და ვერ ამოწურავ მის სახეს. ასეთი კეთილი და მშრომელი — დილაადრიანი ყველაზე ადრე დგება ხოლმე, ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს ჩაიცვამს, ჭაღარა თმას გადაივარცხნის ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებს.

“მაშინ, ბავშვობაში, უშუქობის ხანა იდგა. ლამპას აანთებდა, ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა, ჩაის დაადგამდა და ფეჩის დუხოვკაში გამომცხვარ გურულ ღვეზელს თეფშე დააწყობდა. მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით.”

საათობით შეეძლო ემუშავა. მიწას ისე თოხნიდა ალესილი, პრიალა, თლილტარიანი თოხით, გეგონებოდა კი არ თოხნის, ეფერებაო. ზედმეტ ბალახს არ გაახლებინებდა ყანაში. შემოდგომაზე სიმინდს მოტეხდა, ჩალას ლამაზ, თანაბარ კონებად შეკრავდა და ბოლოს თაიგულივით ააწყობდა სახლის უკანა ეზოში დიდ ზვინად. უყვარს ხოლმე იმ დროის გახსენება, როცა ახალგაზრდა იყო და პირველად დაამუშავა მიწა მშობლიურ სოფელში.

- რეკლამა -
Ad imageAd image
შემოდგომის მოსავალი და ღვინის დაყენება გურულ სოფელში
შემოდგომის მოსავალი და ღვინის დაყენება გურულ სოფელში — ფოტო: Julia Volk / Pexels (Pexels License)

ბაბუა და ბებია — სიყვარულის ნამდვილი ისტორია

შემოდგომაზე ყურძნის მწიფე მტევნებს ბაბუასთან ერთად ხის დიდ კასრში მოაქცევდა, მერე მაჭრად აათუხთუხებდა, მოხსნიდა ხისავე თავსახურს და დიდი თლილი ჯოხით ამოურევდა. ბაბუა გვიანი შემოდგომისა და ადრეული ზამთრის გასაყარზე ახლად დაყენებული ღვინის წრუპვას დაიწყებდა აგიზგიზებულ ფეჩთან, ბებიის ნახელავ ცხელ ჭადს, გურულ ყველს და ლობიოს ჩაუფენდა. “ბებიეს ლობიოს სნიკერს ეძახდა” — ამბობს შვილიშვილი სიყვარულითა და სიცილით.

ბოსტანში მოწეულ ბოლოკს ოთხად გაჭრიდა, მწვანე ხახვს ლამაზად დაახვევდა, მარილს მოაყრიდა — ისე მოაყრიდა, როგორც მადლს. მადლიანი კაცი იყო და ყველაფერი კეთილად გამოდიოდა. მარტო არაფრით ივახშმებდა — მეწყვილე ყავდა. “მოი, ჩემო ფოტინა, უშენოდ რა მაჭმევს ან რა დამაძინებსო” — ასე ეძახდა ნათელ ბებიას.

საღამოს ღუმელთან ჩამოგვისვამდა ორ შვილიშვილს და მოგვიყვებოდა დიად წარსულზე: თუ რა მაგარი ცოლი ჰყავს, როგორ დაინახა კოხტა, თვალებბრიალა ნათო ლიმონათის ქარხანაში, როგორ ჩაუვარდათ ერთმანეთი გულში. მოგვიყვებოდა, როგორ მოატარა “კომუნისტების დროს” საუკეთესო ექიმის ძიებაში და როგორ გამოსტაცა სიკვდილს მისი ნათო-ფოტინე. მოგვიყვებოდა, როგორ ააშენა სახლი და როგორი დიდი სიყვარულით ცხოვრობდნენ. ეს ქართველი წყვილების ოჯახური სიყვარულის ნამდვილი, ცხოვრებიდან ამოღებული სურათია.

ბაბუა-ბებია შვილიშვილებთან ერთად — საღამოს სითბო და ოჯახური ბედნიერება
ბაბუა-ბებია შვილიშვილებთან ერთად — საღამოს სითბო და ოჯახური ბედნიერება — ფოტო: Anna Shvets / Pexels (Pexels License)

განცდები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია

ღამით შუაში ჩავუწვებოდით, მე და ჩემი ძმა, ცოლ-ქმარს. ჭკუას გვარიგებდნენ შეთანხმებულად და ჩვენც ვპირდებოდით, რომ კარგი და კეთილი ვიქნებოდით, დამჯერე და საამაყო. მერე მათი მოყოლილი ზღაპრების მოსმენაში ჩაგვეძინებოდა.

  • კეთილი და გაუჩერებელი შრომა — ადრე ადგომიდან გვიან ჩაძინებამდე
  • ოჯახის ყველა წევრზე ზრუნვა, ყოველგვარი ჩივილის გარეშე
  • ერთმანეთის გვერდით ყოფნა ყველა გასაჭირსა თუ სიხარულში
  • შვილიშვილებისთვის ღირებულებებისა და სიყვარულის გადაცემა ყოველ საღამო

არის განცდები, ამბები, ადამიანები, რომელთა დავიწყება მგრძნობიარე გულს არაფრით შეუძლია. და თუ მკითხავთ, ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ამ განცდების, ამბებისა და ადამიანების არსებობას საკუთარ თავში განუწყვეტლივ, ყოველ წუთსა და წამს გრძნობ. ბებია ბაბუის გარეშე ვერ ვთქვი — ეს ორი სიყვარული ერთია. ისევე როგორც ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ორი ადამიანის საერთო ნაქსოვია.

- რეკლამა -
Ad imageAd image

სიყვარული — ყველაზე მთავარი სიმდიდრე

“მე ძალიან ბევრი რამ არ მაქვს, რაც მჭირდება, მაგრამ მაქვს მთავარი — სიყვარული და თანადგომა. რა მაგარია, რომ გრძნობ: მარტო არ ხარ. გული სითბოთი მევსება. მე ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი.”

ეს სიტყვები გივიკო დიდიას გვერდიდანაა, მაგრამ მათში ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავს ამოიცნობს. ბებია-ბაბუა, სახლის სუნი, ღუმელის სითბო, ზამთრის ღამეების ზღაპრები — ეს ყველაფერი ის სიმდიდრეა, რომელსაც ფასი არ აქვს. ბედნიერებას გისურვებთ თქვენც.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). ბებიაზე შეყვარებული გურული ბიჭის ამბავი, რომელიც სამაგალითოა. 14 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/bebiaze-uzomod-sheyvarebuli-bichi-ambavi-guriidan-romelits-yvelastvis-samagalito/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
3 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება