სადღესასწაულო მაგიდის გაშლის რჩევები

გიორგი გოცირიძე
3 წუთიანი წაკითხვა

სადღესასწაულო მაგიდის გაშლა მხოლოდ საჭმლის მომზადება არ არის — ეს მთელი ხელოვნებაა, რომელიც სახლს სითბოს და ზეიმის განწყობას აძლევს. თითოეული დიასახლისი თავისებურად აწყობს სადღესასწაულო სუფრას: ერთს მეტად მოსწონს ფერადი სუფრა, მეორეს უჯრედებიანი ან დაჩითული, ხოლო მესამე უპირატესობას თეთრ სუფრას ანიჭებს. მიუხედავად პირადი გემოვნებისა, სადღესასწაულო მაგიდას ყველაზე მეტად უხდება თეთრი, ქათქათა, გახამებული სუფრა.

სუფრა და ჭურჭელი

მიზანშეწონილია, სუფრის ქვეშ მაგიდას გადავაფაროთ სქელი ქსოვილი, რომელიც მას დაიცავს დაზიანებისაგან და ამავდროულად ჭურჭელი არ იხმაურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადღესასწაულო თეთრ სუფრაზე გამჭვირვალე ცელოფნის გადაფარება არ არის მიზანშეწონილი.

სადღესასწაულო სუფრაზე უნდა გამოვიტანოთ საუკეთესო ჭურჭელი. სასურველია სუფრის გაწყობა მთლიანი სერვიზით — ერთსახოვანი მოყვანილობისა და ფერის ჭურჭლით. სადღესასწაულო სუფრაზე პირველი თავი საჭმელი ძირითადად არ მიიტანება, ამიტომ ღრმა თეფშების დაწყობა საჭირო არ არის. მაგიდაზე ვაწყობთ ორ თეფშს — ძირითადი ცხელი საჭმელებისთვის და ზემოდან პატარა თეფშს საუზმისათვის.

დანა-ჩანგალი და ჭიქები

თუ მაგიდის გაშლა გვსურს ყველა წესის დაცვით, თეფშების რაოდენობის მსგავსად, დანა-ჩანგალი და ჭიქებიც უნდა დაიწყოს რამდენიმე სახის — იმის მიხედვით, რამდენი თავი საჭმელი და სასმელია. თუმცა უფრო მოხერხებულია, შემოვიფარგლოთ მხოლოდ ორი სახის თეფშით. დანა-ჩანგლის განლაგებისას გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

- რეკლამა -
Ad imageAd image
  • დანა იდება თეფშის მარჯვენა მხარეს, გალესილი პირი თეფშისკენ.
  • ჩანგალი იდება მარცხნივ, ამობურცული მხარე ქვევით.
  • თეფშის წინ იდება პატარა დანა ხილისთვის, ჩანგალი ტორტისა და სხვა ნამცხვრისათვის, ჩაის კოვზი ნაყინისა და სხვა ჩაროზისათვის.

ჭიქებს ვაწყობთ თეფშის წინ, ოდნავ მარჯვნივ, რომ ასაღებად მოსახერხებელი იყოს. სასურველია ჭიქები იყოს ერთი სახის, განსხვავებული მხოლოდ ზომით. სადღესასწაულო მაგიდაზე მიზანშეწონილია ქსოვილის ხელსახოცები, რომლებიც შეიძლება დავდოთ თეფშზე ზევიდან ან გვერდით და მივცეთ სხვადასხვა ფორმა. მაგიდაზე ცალკე მივიტანოთ ქაღალდის ხელსახოცებიც სპეციალური ჩასალაგებლით. სუფრის გასალამაზებლად შეიძლება დავდგათ რამდენიმე ლარნაკი ყვავილებით.

საჭმლის და სასმელის მიტანა

დიასახლისთან ახლოს საჭიროა იდგეს პატარა მაგიდა, სადაც მოთავსდება სხვადასხვა ჭურჭელი და სუფრისთვის საჭირო საგნები. ცივი საჭმელი ადრევე ლაგდება მაგიდაზე. ცენტრალურ ადგილებში იდგმება ოჯახის საფირმო კერძები იმგვარად, რომ სუფრის ყველა წევრმა ადვილად დაინახოს და მიწვდეს გადმოსაღებად. აქვე იდგმება სხვადასხვა სახის საწებლები — მარილი, მდოგვი და სხვა.

პური იჭრება თხელ, პატარა ნაჭრებად და მიიტანება სპეციალური საპურეთი ან ჩვეულებრივი თეფშებით. ნუტრიციოლოგების რჩევების გათვალისწინებით, სწორი კვების ჩვევები სადღესასწაულო სუფრაზეც მნიშვნელოვანია. თუ სტუმრად გეწვევათ 5-6 კაცი, ცხელი საჭმელი იდგმება მაგიდაზე დიდი ლანგარით, ხოლო თუ სუფრა მრავალრიცხოვანია, საჭიროა ჩამოტარება — მაგიდის თითოეულ წევრთან მიტანა ხდება მარცხნიდან და სტუმარი ლანგრიდან თავად იღებს საჭმელს სასურველი რაოდენობით.

მჭადი და ღომი მაგიდაზე მიიტანება ცხლად. მჭადი სასურველია პატარ-პატარა გამოცხვეს, რომ დაჭრა არ დასჭირდეს. მჭადები ლაგდება პურთან ერთად, ხოლო ღომი მიიტანება პატარა საუზმის თეფშებით. სასმელის ბოთლები, გარდა შამპანურისა, სუფრაზე მიტანის წინ იხსნება. კარგად გარეცხილი ხილი სპეციალური ლარნაკებით ჩაიდგმება. ბუნებრივი და სუფთა ხილი სუფრის ნამდვილი სამკაულია. თუ სუფრა მრავალრიცხოვანია, ხილი განაწილდება რამდენიმე ადგილას.

ტკბილეულის მიტანის წინ საჭიროა სუფრიდან ავიღოთ დაცლილი ჭურჭელი, საწებლები და სხვა ნივთები, ასევე უნდა მოსუფთავდეს მაგიდის საფარი. ნახმარი თეფშების, დანა-ჩანგლისა და სხვა ჭურჭლის შეცვლა ახლით საჭიროა მოხდეს სწრაფად და ხმაურის გარეშე.

- რეკლამა -
Ad imageAd image

დასკვნა

სადღესასწაულო მაგიდის სწორად გაშლა სტუმრებს სიამოვნებას და კომფორტს მატებს, ხოლო დიასახლისს — სიამაყეს. ამ მარტივი წესების დაცვით ნებისმიერი შეკრება გადაიქცევა მართლაც დასამახსოვრებელ ზეიმად.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). სადღესასწაულო მაგიდის გაშლის რჩევები. 8 ოქტომბერი, 2025. https://shenipositive.ge/zogierti-rcheva-sadghesastsaulo-magidis-gashlis-shesakheb/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
2 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება